მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს ერთიანობისკენ, შეუპოვრობის, პროგრესისა და სრულყოფისკენ სწრაფვისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელსაც მცხეთა გვასწავლის და ეს არის ერთიანობა.
"სწორედ აქ, ამ ქალაქში გაჩნდა სულ პირველად იდეა ერთიანი საქართველოს შესახებ. სწორედ აქ შედუღაბდა ჩვენი ქვეყანა ერთ სახელმწიფოდ და აქ დაკანონდა უზენაეს ჭეშმარიტებად, რომ სანამ ჩვენ, საქართველოს ყველა წარმომავლობის მკვიდრნი ერთად ვართ, ჩვენი დამამარცხებელი ძალა არ არსებობს. ეს ჭეშმარიტება მრავალ საუკუნის მრავალმა ქარცეცხლმა გამოსცადა", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშა, რომ ქართველ ხალხს დამპყრობლებთან ურთიერთობის იმხელა გამოცდილება გააჩნია, ციხის შიგნიდან გატეხვის იმდენი მწარე გაკვეთილი აქვს მიღებული, რომ მისი შეცდომაში შეყვანის მცდელობა მურვან ყრუს, თემურ ლენგის, შაჰ-აბასის, ლიპარიტ ბაღვაშის თუ ბაღაფშის, სერგო ორჯონიკიძის თანამედროვე მემკვიდრეების მიერ, თავიდანვე მწარე მარცხისთვის არის განწირული
"ამიტომ სანამ არსებობს მცხეთა, სანამ დაგვნათის სვეტიცხოველი - ჩვენი ვალია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რაც გვაძლიერებს, რაც გვაცოცხლებს, რაც გვაფიქრებს ხვალინდელ დღეზე, არის ჩვენი ერთიანობა და ერთ მუშტად შეკრულობა", _ განაცხადა პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს ერთიანობისკენ, შეუპოვრობის, პროგრესისა და სრულყოფისკენ სწრაფვისკენ მოუწოდა.
"ასე რომ აქ, ამ დიდებულ ადგილას, სადაც ქვებიც კი ბრძენნი არიან, ამ დიდებულ დღეს მინდა ერთად ვინატროთ: ვიყოთ ერთიანნი, ვიყოთ შეუპოვარნი, არ დავნებდეთ გასაჭირს, ვისწრაფოთ პროგრესისა და სრულყოფისაკენ. და თუ ამას შევძლებთ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენი თაობის ასაშენებელ სვეტიცხოველს! თუ ამას შევძლებთ, გაივლის კიდევ ათასი წელი და ჩვენი შვილთაშვილების შვილთაშვილები ისევ შეიკრიბებიან ამ ადგილას, შეიკრიბებიან როგორც ამაყი, ძლიერი ქართველები, ქედს მოიხრიან და პატივს მიაგებენ მარადიულ საქართველოს და მარადიული სვეტიცხოვლის დიდებას", _ განაცხადა პრეზიდენტმა.