ჩვენ რეალურად, ახლა გვაქვს შანსი განვახორციელოთ ის რისთვისაც უშედეგოდ იღწვოდნენ ჩვენი დიდი მამები და ჩვენი საზოგადოება პროვინციულის ნაცვლად ვაქციოთ გლობალურ საზოგადოებად, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამას სჭირდება განათლება, გახსნილობა და თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების მუდმივი შემეცნება.
"თუ საუკუნის განმავლობაში ჩვენი ნიჭის რეალიზება მხოლოდ ცალკეულ ჩუქურთმებში, წარმოუდგენელ ცეკვაში, პოეზიაში, მუსიკაში ხდებოდა, ახლა გვაქვს შანსი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში მოვახდინოთ იგივე ნიჭის რეალიზაცია. ამის საშუალებას იძლევა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ქართული სახელმწიფო", _ განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოს ისტორია გაიხსენა, რომ საქართველო ყოველთვის, მისი არსებობის ყველა ეტაპზე, მუდმივად როგორ ცდილობდა დაეღწია თავი იმ მდგომარეობისათვის, როდესაც ის იყო რომელიღაც ერთი იმპერიის პროვინცია.
"შეხედეთ და დააკვირდით ამ ტაძარს, ბაგრატს, იშხანს, ოშკს, გელათს და ვნახავთ, რომ XII საუკუნემდე ჩვენ ვითარდებოდით ისევე, როგორც ვითარდებოდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ბევრ რამეში ვუსწრებდით კიდეც მათ. საქართველომ მაგნაკარტის დოკუმენტი უფრო ადრე მიიღო ვიდრე ინგლისმა. საქართველოში აშენებული ძეგლები, მათ შორის, ისინი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა, აღემატებოდა მაშინდელი ევროპული ცივილიზაციის საუკეთესო ძეგლებს. შემდეგ საათი გაჩერდა, ჩვენი დიდი წინაპრები მთელს თავის ძალისხმევას ახმარდნენ იმას, რომ გაეყვანათ ერთი დომინანტი სახელწიფოს ორბიტიდან და საქართველო ექციათ მსოფლიო პროცესების ნაწილად, მაგრამ გასაგები ისტორიული სირთულეების გამო, ეს არასოდეს გამოვიდა", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.