სავაჭრო ქსელი „პოპული" აფართოებს ბიზნესს და ოპერირებას სწრაფი კვების ობიექტების მიმართულებით იწყებს.
როგორც „პოპულის" მენეჯმენტი განმარტავს, მათ სწრაფი კვების სეგმენტში შესვლა, გარკვლეული კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყვიტეს.
„პოპული უკვე 9 წელია სწრაფი კვების ბიზნესში მუშაობს. მზა საჭმელები ჩვენი მთლიანი გაყიდვების 7% მოიცავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისათვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ სპეციალიზირებული „Fast Food" მიმართულებითაც გვემუშავა და შევქმენით ფორმატი "გაამოთ". ამ ობიექტის გახსნაში 200 000 $ ინვესტიცია დავაბანდეთ და დავასაქმეთ 15 ადამიანი. აქ წარმოდგენილი პროდუქცია დამზადდება ცენტრალურ საწარმოში ფრანგი და გერმანელი ტექნოლოგების მიერ და მზა მდგომარეობაში მიეწოდება ობიექტს," - განაცხადა პოპულის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ფიჩხაიამ.
ფიჩხაიას განმარტებით, 2011 წლისთვის თბილისის მაშტაბით 5-დან 10-მდე სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება.
მელიქიშვილის 2 ნომერში "პოპილმა" სწრაფი კვების ობიექტს "გაამოთ" უკვე გახსნა, სადაც თბილისის მოსახლეობას მზა სალათების, სენდვიჩების, ცხელი და ცივი კერძების დაგემოვნებას შესთავაზებს.
„გაამოთ" თანამედროვე ინტერიერითა და ექსტერიერით ხელმისაწვდომი ფასების მქონე კაფეს ტიპის ობიექტია, რომელიც მომხმარებლებს „Take Away" - სერვისსაც შესთავაზებს. ამავე დღეს კომპანიის ქსელს რიგით 44-ე მაღაზია შეემატება, რომელიც ვორონცოვის ქუჩაზე გაიხსნება.
მაღაზიისა და ახალი ფორმატის ობიექტის გახსნას დაესწრნენ „პოპულის" აქციონერები, რომლებიც წამყვან ევროპულ და ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფებს წარმოადგენენ: დევიდ ოსდბი - East Capital (ევროპა), იან ჰაგი- Fireburd (აშშ), პიტერ ფლახი - (კანადა)
ახალი ფორმატი „გაამოთ" საპილოტო პროექტია და ამ მიმართულების გაფართოებას „პოპული" თბილისის სხვადახვა უბნებშიც აპირებს.
რაც შეეხება ახალ სუპერმარკეტს, რომელიც ვორონცოვის 4 ნომერში იფუნქციონირებს, მის გახსნაში მენეჯმენტმა 100 000 ლარის ინვესტიცია დააბანდა და 20 ადამიანი დაასაქმა. 150 კვ.მ. ფართობის მაღაზია 3000 დასახელების პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის მზა საჭმელსაც.
სავაჭრო ქსელი "პოპული" საცალო და საბითუმო გაყიდვების ბაზარზე 2001 წლიდან ფუნქციონირებს. ქსელში დასაქმებულია 1500-ზე მეტი თანამშრომელი. დღეისათვის სს "პოპული" სამ ფორმატში ოპერირებს: "პოპული სუპერმარკეტი", "პოპული ექსპრესი" და "პოპული XL".
„პოპულის" აქციონერები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები: "საქართველოს ბანკი", ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაიარბერდ აურორა ფონდი", გერმანული საინვესტიციო ჯგუფი "ოსტინვესტორი" და შვედური საფინანსო ინსტიტუტი "ისტკაპიტალი".