დღეიდან, 8 ოქტომბრიდან, პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისთვის კანონი მკაცრდება. ახალი ნორმების მიხედვით, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა პირს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობად დაუჯდება.
აქამდე ისჯებოდა მხოლოდ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე, ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარი ხელმისაწვდომობა.
ახალი ნორმით, სამართლებრივი პასუხისმგებლობით დასჯადია არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენაც.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აქამდე მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმეგბლობა არ ვრცელდებოდა. პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იურიდიული პირებიც დაისჯებიან პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირებისთვის, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობის ან/და მისი შენახვისთვის, გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.
იურიდიულ პირებსაც აეკრძალათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა. კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ, შესაძლოა ფირმის პასუხისმგებლობა განაპირობოს.
აღნიშნული ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.