საქალაქო სასამართლოში სავაჭრო ცენტრების, "კიდობანისა" და "პასაჟის" ინდმეწარმეების სასამართლო პროცესის პირველი ნაწილი დასრულდა, სადაც 18 პირის საქმე განიხილეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მოსამართლემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნა გაითვალისწინა და 10 ბრალდებულს, რომელთა მიმართაც გამოძიება დაპატიმრებას ითხოვდა, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო რვა ბრალდებულს გირაოს გადახდა დაეკისრა.
ერთადერთი ცვლილება, რომელიც მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობაში შეიტანა, გირაოს თანხას ეხებოდა, კერძოდ კი რამდენიმე ბრალდებულს გირაოს თანხა 500-500 ლარით შეუმცირა. 8 ბრალდებულს 5000 ლარიდან 10 000 ლარამდე გირაო შეეფარდა.
დაპატიმრება შეეფარდა შპს "ტრანსის" თანამშრომლებს და იმ ინდმეწარმეებს, რომლებსაც საქართველოში 7 000 დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შემოჰქონდათ; ვისაც 5000 დოლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი აღმოაჩნდათ, გირაო შეეფარდათ.
დანარჩენი 18 ბრალდებულის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სულ დაკავებულია 36 ადამიანი.