საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების" შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნისთვის განსაზღვრულ ვადებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელებაა საჭირო.
პროექტის თანახმად ინვესტორებს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცემათ მიწის ნაკვეთი, თუკი განახორციელებენ მინიმუმ 1 მილიონის ღირებულების პროექტს, სასტუმროების ასაშანებელად.
ამასთან ხელისუფლება უზურნველყოფს ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო კომუნიკაციებს და ინფრატსრუქტურას. ასევე ინვესტორი 15 წლის განმავლობაში გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან.
კანონპროექტში განსაზღვრულია, ასევე, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში და მშენებლობა უნდა დასრულდეს 2011 წლის 1 აგვისტოსთვის. თუკი ინვესტორი ვერ მოახერხებს პროექტის მითითებულ ვადაში დამთავრებას, მან უნდა აცნობოს მთავრობას და შესაძლოა, პროექტის წარდგენის ვადა 3 თვით გაუგრძელდეს. პარლამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ვადასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. კერძოდ, კი ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს მიეცეს რაიმე სახის გაფრთხილება და აღნიშნული პროექტის განხორციელების უფლება პირდაპირ არ ჩამოერთვას.
საკითხი კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა დააყენა. მან არგუმენტად დაასახელა ის, რომ ქობულეთში ზამთრის განმვალობაში არის წვიმიანი ამინდები და თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებშიც კი ამ ფაქტორმა შესაძლოა პრობლემები შექმნას.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს სანქციებზე ლაპარაკი, ვინაიდან მთავრობის მიზანი პროექტის განხორციელებაა და მისთვის ხელშეწყობაა და არა პოტენციური ინვესტორებისათვის პროექტის განხორციელების უფლების ჩამორთმევა.
"არ მინდა მკაცრი ტონით ვისაუბრო ვალდებულებების არშესრულებაზე, ვინაიდან მთავრობას ინვესტორების მხრიდან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების იმედი აქვს," - აცხადებს გია ხუროშვილი.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ წურწუმიამ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუკი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ბაზაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სამშენებლო ექსპრეტთა მონაწილეობით. ექსპერტები აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ობიექტურ ვადას განსაზღვრავენ.