"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საიას თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელმა განაცხადა, საკონსტიტუციო პროექტის დაჩქარებული ტემპით მიღებამ საზოგადოება ცაიტ-ნოტში ჩააყენა, რომ გამოეთქვა და დაეცვა საკუთარი შეხედულება.
მისივე თქმით, დოკუმენტის დაჩქარებული მიღების გამო ჩნდება კითხვა, რატომ ეჩქარება საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კონსტიტუციის ძირეული დებულებები მაშინ, როდესაც ცვლილებათა დიდი ნაწილი ძალაში მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 2013 წლის 1-ელ დეკემბერს შედის.
"ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ ვერ მიაღწია გამოცხადებულ ორ მიზანს - ახალი საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია და სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტური, გაწონასწორებული სისტემა შექმნილიყო. კონსტიტუციური კანონით წარმოდგენილი ვარიანტი არ შეესაბამება საქართველოში მმართველობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი ვერ სთავაზობს ადამიანის უფლებებისა და საკუთრების დაცვის არსებით გარანტიებს. ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით კი, პარლამენტის როლი უკიდურესად სუსტია, ხოლო მთავრობა, კერძოდ, პრემიერ მინისტრი, ქვეყანას ძალაუფლების მატარებელ მონსტრად ევლინება.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრემიერის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლის უფლებამოსილება, რა დროსაც პარლამენტის როლი უგულებელყოფილია", - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, საიას შეფასებით, უკიდურესად გართულებულია და დროში გაწელილია ნდობის გამოცხადების პროცედურა. ასევე, ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ბუნდოვანი ჩანაწერით ზრდის ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლის შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ არსებული პროექტი საჭიროებს დახვეწას და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით არ უნდა მიიღოს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას პარლამენტს დღესვე წარუდგენს.