სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები დაბა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საერთო რეჟიმის ახალ ნაწილში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ "ჩ" კორპუსის მე-4 სართულზე სამარტოო საკნებში განთავსებულ პატიმრებს.
პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა დაკვირვებითა და პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ სამარტოო საკნებში პატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში. კერძოდ, მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური ნივთები, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდი და არ აქვთ საშუალება ეს ნივთები დაწესებულების მაღაზიაში შეიძინონ. ყველა სამარტოო საკანში იყო ანტისანიტარია. უმეტესი საკნის საპირფარეშოებში არ იყო ნათურები. იქ განთავსებული პატიმრები ვერ სარგებლობენ ყოველდღიური გასეირნების უფლებით და არ აქვთ საშუალება მიიღონ შხაპი.
ასევე გაურკვეველი იყო მსჯავრდებულთა სამარტოო საკნებში განთავსების წესიც. კერძოდ, ერთადგილიან საკანში განთავსებული იყო ორი ან სამი პატიმარი, ხოლო რამდენიმე ორადგილიან საკანში განთავსებული იყო თითო პატიმარი.
პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ არცერთი მათგანი სამარტოო საკანში მოთავსების შემდეგ არ უნახავს ექიმს.
მათივე განმარტებით, ლეიბი ან გადასაფარებელი ეძლევათ გვიან ღამით, ხოლო დილით ადრე ადმინისტრაციის თანამშრომლებს აღნიშნული ნივთები გააქვთ საკნიდან.