პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ქობულეთის ზღვისპირა ტერიტორიაზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილვა მთავრობის საპარალამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მოითხოვა. არგუმენტად კი კანონპროექტის მნიშვნელობა დაასახელა. ''
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ითვალისწინებს ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვიდან 140 მეტრში, სამი მიწის ნაკვეთის გამოყოფას, სადაც 27 ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს. პროექტში ჩართვის მსურველებს პრეზიდენტი მიწების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას, კომუნიკაციების უფასოდ შექმნასა და 15 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდება.
პრეზიდენტის ეს დაპირება უნდა აისახოს კანონპროექტში. შესაბამისად, ახლად მიღებულ საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანაა საჭირო. მთავრობის მოთხოვნის თანახმად, პარლამენტი "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს. საკითხი სამშაბათის დღის წესრიგშია გათვალისწინებული. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონპროექტი სამივე მოსმენით ერთ სასესიო კვირაში იქნება მიღებული.