ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ოს სეპარატისტებთან მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები განიხილეს. მათი თქმით, ძირითადი საკითხები, რომელზეც მსჯელობა იქნება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია.
"ერთ ერი საკითხი, რომელზეც 14 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე იქნება ყურადღება გამახვილებული უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხი იქნება, დღის წესრიგში ასევე იდგება საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ", _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა, მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ პიერ მორელმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, პიერ მორელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ გაკეთებულ ანგარიშის პუბლიკაციაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემატიკას ეძღვნება.
"ამ თემას განვიხილავთ, როგორც ჟენევაში მოლაპარაკებებზე ასევე თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე. გამოძიებაში ჩართული ექსპერტები საუკეთესონი არიან, ამიტომაც მათი რეკომენდაციები მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მხარის მიერ იქნება გაზიარებული. ექსპერტებმა ჩვენ მოგვცეს მიმართულება, რომლითაც უნდა ვიმოძრაოთ, იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ", _ განაცხადა მორელმა.
თავის მხრივ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ეუთოს მხრიდან ბოლატ ნურგალიევმა განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ასტანაში ეუთოს სამიტის გამართვამდე 45 დღით ადრე იმართება.
"მიგვაჩნია, რომ დელეგაციათა უმრავლესობის გამოსვლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ეუთოს პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხოების დაცვის საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს სამხრეთ კავკასიაშიც. ამიტომაც ჩვენი ახლანდელი ჩამოსვლა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და თბილისში კონსულტაციები ჯერ კიდევ გველის",_ განაცხადა ნურგალიევმა.
მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა კი იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხზე მუშაობაში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები