ანკარაში გამართული საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმის პარალელურად, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტომა ლევან ჩიკვაიძემ შეხვედრა გამართეს თურქეთის ფოსტისა და ტელეგრაფის (PTT) გენერალურ დირექტორთან, ქენან ბოზგეიქთან. შეხვედრაზე მხარეების მიერ განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საფოსტო ოპერატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ: შემუშავდება ახალი ლოჯისტიკური სქემა, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო გზავნილების გატარებას და პირიქით. ამასთანავე კომპანიები გაცვლიან საფოსტო პროდუქტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოცდილებას.
„თურქეთის ფოსტა გახლავთ ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა საფოსტო მიმართულებით. თურქეთის ფოსტა გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლეებით“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
„ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს ფოსტას დიდი პოტენციალი გააჩნია, დღეს იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლავთ როგორც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“, ასევე „ევროპის საფოსტო გაერთიანების“. ჩვენ ამ ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქს და შემიძლია გითხრათ, რომ ყველა წევრი საფოსტო ოპერატორი აღფრთოვანებულია საქართველოს ფოსტის ასეთი სწრაფი განვითარების ტემპით. მათ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს მომსახურების განვითარების და ჩაბარების ვადების მიმართულებით და მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ურთიერთმომგებიანი გავხადოთ“ - აცხადებს თურქეთის ფოსტის გენერალური დირექტორი კენან ბოჟგეიკი.
შეხვედრის დასასრულს, თურქეთის ფოსტისა და ტელეგრაფის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელს თურქული ოფიციალური საფოსტო მარკა გადასცა, რომელზეც გამოსახულია ლევან ჩიკვაიძის ფოტოსურათია გამოსახული.