ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
ბელორუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არა მხოლოდ ბელორუსმა, არამედ მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა.
მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთი ბელორუსის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას კი არ ითხოვს, არამედ ლუკაშენკოს ავტორიტეტის დაცემასა და ბელორუსის დაჩოქებას ცდილობს.
"რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, შემიძლია ეს კითხვა შემოგიბრუნოთ. განა, მხოლოდ ბელორუსმა არ აღიარა ეს ტერიტორიები? არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით რაღაც კუნძულს, ვენესუელას. მასაც კი ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია. იქნებ, რუსეთი ჩვენგან საქართველოს ტერიტორიების აღიარებას არ ითხოვს, იქნებ, ეს მხოლოდ საბაბია იმისათვის, რომ ჩვენ დავიჩოქოთ. ლუკაშენკოს ავტორიტეტის დასაცემად ფაქტებია საჭირო - პირველი მოღალატეა, მეორე სამხრეთ ოსეთი არ აღიარა მესამე სააკაშვილი ბელორუსიის ტელევიზიით გამოვიდა", - განაცხადა ლუკაშენკომ და რუს ჟურნალისტებს მოუწოდა ბელორუსის ტელევიზიაში გასულ საქართველოს პრეზიდენტის შვიდწუთიან ინტერვიუს ყურადღებით მოუსმინონ.
მისი თქმით, სააკაშვილმა მკაფიო გზავნილი გააკეთა რუსეთის ხელისუფლების მისამართით, გაყინული ურთიერთობების აღდგენის მოწოდებით.
ბელორუსის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსთან ურთიერთობების წარმოების საკითხში არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ქართველ ხალხის ფაქტორსაც ითვალისწინებს. ლუკაშენკოს განმარტებით, ბელორუსები წლების განმავლობაში ქართველებთან ერთად კარგად ცხოვრობდნენ.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ინტერვიუ არ იხილეთ. ასეთი სააკაშვილი პირველად ვნახე. ეს იყო გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი იმის შესახებ, რომ აღდეგს ურთიერთობა. ადამიანმა 7 წუთიანი ინტერვიუ მისცა და მოდით მოუსმინეთ რაზე იყო საუბარი. აქ მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორი არ არის, აქ ქართველი ხალხიც არის, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.