საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარი ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვით ამაყობს.
"მინდა ვთქვა, რომ ჯარისკაცობა ძალიან საპატიო პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან სახიფათო პროფესია. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს დიდ თავდადებასა და თავგანწირვას ზოგიერთ შემთხვევაში... როცა მათ ავღანეთში ვაგზავნიდი, სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული ის, რომ ისინი მიდიოდნენ დიდ რისკზე. მათ თავი უჭირავთ ამაყად და ღირსეულად და რაც მთავარია, იბრძვიან საქართველოს 5-ჯვრიანი დროშის ქვეშ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, "უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა ეს არის თავგანწირვა გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვისაც".
"ქედს ვიხრი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს დ ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული ხალხი ჰყავს ჩვენს ერს", - განმარტა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი სამხედრო მოსამსახურე: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე.