ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა პროექტი `დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ", `გეო ფილმ პროდაქშენთან", "თრეველის" (Travel Channel) სატელევიზიო არხთან, ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და იზაბელ ლეგერონთან (Isabelle's Wine World Adventures) თანამშრომლობით.
როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან "ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, იზაბელ ლეგერონი არის მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტი. მისი სურვილი იყო ენახა ღვინის სამშობლო - საქართველო.
პირველი ვიზიტის ფარგლებში იზაბელ ლეგერონმა მოიარა და შეისწავლა საქართველოს ყველა ის კუთხე, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული და დაათვალიერა სხვადასხვა ტიპის მარნები და ქარხნები (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, რაჭა, დასავლეთ საქართველო), ასევე ის სამონასტრო კომპლექსები, სადაც ღვინის წარმოება ხდება.
ამ დროისათვის "Travel Channel" -ის გადამღები ჯგუფი იმყოფება საქართველოში და მიმდინარეობს გადაღებები სხვადასხვა რეგიონებში.
პროექტის მიზანია დოკუმენტური ფილმის შექმნა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა მსოფლიოსათვის საერთაშორისო ტელეარხის _ Travel Channel-ის მეშვეობით.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ახალი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც `ვაზისა და ღვინის სამშობლოს" მსოფლიოს წინაშე.
ფილმის გადაღება 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები