ევროსაბჭომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მოყვანილია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის მოხსენება.
"საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა ძალიან ბევრი ხალხი იმსხვერპლა. კონფლიქტის შემდგომ პერიოდში რამდენჯერმე ვეწვიე საქართველოს, ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობის გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეეძლო საერთაშორისო საზოგადოებრიობას. ჩემი სტუმრობის მიზანი იყო ასევე, დავხმარებოდი კონფლიქტის დროს დაკავებულებს ოჯახებში დაბრუნებში.
გარდა ამისა, შევეცადე დამეჩქარებინა სასამართლოში იმ ადამიანთა საქმეების გადაწყვეტა, რომლებზეც არსებობდა ცნობები მეორე მხარეს მათი დაღუპვის ან დაკარგვის შესახებ. შეძლებისდაგვარად შევეცადე ხელი შემეწყო ამ კონტექსტში მხარეებს შორის დიალოგის გამართვისთვის. ამ ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ასზე მეტი ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვნების, განთავისუფლება და რამდენიმე ადამიანის ნეშტის ოჯახებისთვის გადაცემა", - ნათქვამია ჰამერბერგის შესავალ სიტყვაში.
მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის დროს ან მის შემდგომ დაიკარგნენ და მათი ბედი დღემდეც გაურკვეველია.
ჰამერბერგის თქმით, გამოძიებაში ჩართული იყო ორი საერთაშორისო ექსპერტი - ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირი. თანდართული მოხსენება სწორედ ამ ექსპერტების მუშაობის შედეგებს ემყარება.