სათაფლიის ნაკრძალის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ BP-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათ დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ერთად, სათაფლიის ნაკრძალში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
"სათაფლიაში დღეს ქართული ლეგენდა იქმნება დინოზავრზე. ლეგენდა, რომელიც სინამდვილეა და დინოზავრის ნაკვალევს ეფუძნება. ამასთან, ეს იქნება უნიკალური ნაკრძალი, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო გასართობს იპოვის", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
სათაფლიის ნაკრძალის რეაბილიტაცია უკვე 5 თვეა, რაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მღვიმის ბილიკების ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო დარბაზების და 10-მდე სხვა ტურისტული ობიექტის მოწყობა.
პროექტი BP-ს დაფინანსებით ხორცილდება და მისი ღირებულება 7 მილიონი ლარია.