(უმისამართო ბარათი, წერილი ოცდამერვე)
გვირაბის ბოლოს სინათლე ბჟუტავს, ჩამოჰგავს იმედს...
რაა იმედი, თუკი გვერდით უიმედობის აჩრდილი უდგას და მახეს უგებს(?)
იმედის იმედს ერთურთს ვაძლევთ და ვიიმედებთ კვლავ თავს იმედით...
ზეცის იმედით, რადგან მიწაზე უიმედობა აჩრდილი დაძრწის და ხლართავს ხლართებს, და გვიგებს მახეს _ კაკანათში გაბმულ ჩიორას _ ფეტვის მარცვალს დანატრებულ იმედს ატყვევებს...
ოცნებას სივრცე აღარ ჰყოფნის და "აწურული" სამოწყალოდ გამდგარა გვერდით...
ჟამი კი ჟამობს, ჟამიანობს, ჟამთასვლას მივდევთ...
ჟღალი ფერებით ჟანგმორეულ აბჯარს ვღებავთ, ვჟივილხივილობთ...
ხოლო ეჟვანი, ხარის არაა, კაცთა ეჟვანი, გულმკერდზე გვადევს უკლებლივ ყველას და ჩაჟამებულ იმედს შევცქერით...
ჟამი კი ჟამობს, ჟამიანობს და ელის პასუხს _ ჟამი რისია ქვების სროლის, თუ შეგროვების?
ჟამთასვლას მივდევთ...
დაჟამკრების დამდგარა ჟამი...
* * *
გვირაბის ბოლოს სინათლე ბჟუტავს, ჩამოჰგავს იმედს.
იქნებ არცა ჰგავს, მაგრამ სურვილი, რომ იმედი გქვონდეს და გავცეთ, ისე დიდია, რომ ამ სურვილს შეუძლია სიზმარშიც გაგვყვეს...
შეუძლია მთის წვერზეც აგვყვეს, წყაროზეც ჩაგვყვეს, ურწყავ მიწაზე, ქვიშაში ჩაწვეს და იქაც კი გამოიღოს ნაყოფი კენტი, მდოგის მარცვლის ოდენობის, ან უფრო მეტიც...
იმედის იმედს ერთურთს ვაძლევთ და ვიიმედებთ კვლავ თავს იმედით, რადგან იმედი, საზრდო არის, პური არის არსებობის მათი სულისთვის, ვისაც უფალი მიაჩნია უზენაესად...
უზენაესისი გვერდით უდგას, ვისაც სამშობლო...
სამშობლოს შიგნით და არა მიღმა, თავის ერს ხედავს...
თავის ერს ხედავს, თავის ერს გრძნობს და ერის სტკივა...
მაშინ იმედი, თუკი გვერდით უიმედობის აჩრდილი დგას, მაინც იმედობს, იმედის მზერით შეჰყურებს ზეცას და მიწაზეც იმედსვე სთესავს.
...ხოლო მიწაზე, დაბოგინობს ჯოგად ურწმუნო!
და ჟანგმორეულ აბჯარს ღებავს ჟღალი ფერებით...
ეჟვან გამობმულ ერს ბაგაში უყრის ცრუ იმედს, და ვით ნახირს უფსკრულებისკენ მიერეკება.
ჩვენ კი მივდევთ ამ მძიმე ჟამს, მივდევთ ჟამთასვლას, ჟამიანობის უჟმურობით დაჟამმებულნი და იმედი, იმედიღა შეგვრჩა იმედად...
* * *
ოცნებას სივრცე აღარ ჰყოფნის და "აწურული" სამოწყალოდ გამდგარა გვერდით...
გვირაბის ბოლოს, სადღაც ჩიხში შეყუჟული თავის ჟამს ელის...
ჩვენ კი მივყვებით ჟამს, ჟამთასვლას, მოჟამულები და სამოწყალოდ გაწვდილ ხელებს ვურიგებთ გროშებს...
რაა ოცნება, თუკი ფრთების გასაშლელად სივრცე არ ჰყოფნის(?)
თუკი ქაღალდზე შემორჩენილ სამი წერტილსაც წერტილად აქცევს(?)
რაა ოცნება თუკი მასაც ალიკაპი ისე წამოსდეს, რომ ღმუილიც აღარ ამოხდეს...
და ჩურჩულითაც ვეღარ გვითხრას, ვერ შემოგვჩივლოს, რომ სივრცე უნდა და ფრთების გაშლა... რომ გვირაბი ევიწროვება, მით უფრო ჩიხი... რომ სამოწყალოდ ჩაყრილ გროშებს არა აქვთ ძალა და დღეს თუ არა, ხვალ, ხვალეზეგ, სულსაც დაღაფავს...
ცრუ იმედებმა კი დაგვისვეს ცრუ ოცნება დედოფლის ტახტზე!
ცრუ გვირგვინით და ცრუ სამკაულით... ცრუ დაპირებით, ხელოვნური ფრთების ჩრდილში გვეპატიჟება ყველას ვინც კი თანახმაა ჟამთასვლას აჰყვეს, ცრუ იმედებით გამოკვებოს თავიც, ოცნებაც და ჟღალ ფერებში დაინახოს ჩაჟამული ქვეყნიერება...
* * *
ჟამი კი ჟამობს, ჟამიანობს, ჟამთასვლას მივდევთ...
"არ ვსდევ ჟამთსავლას" ეს განწყობაც ჩაბარდა წარსულს... წარსულს ჩაბარდა სიცრუის და სიბძნის არაკიც, "ვეფხვის და მოყმის" ბალადაც კი, ჩაბარდა წარსულს...
ეხლა მტერი, ღირსეული სანატრელი გვყავს...
ღირსება _ ორდენს და ორდენი _ ჰკიდიათ უღირსთ...
ჟღალი ფერებით გადუღებეს წუხილი აწმყოს, წარსულის ნათელს ჟღალი ფერის სუდარა ადავს...
ხოლო მომავალს, გაურკვეველს, გაუცხოებულს, სამუზეუმო ექსპონანტად ჰკიდია აბრა - ჟანგშერეული, ჟანგშეჭმული და ჟანგისფერი - ჟამთსავლას ვდიეთ და სამშობლო დავკარგეთ სადღაც...
ჟღალი ფერებით გადაღებილ ჯაჭვის პერანგში ჟანგმა შეჭამა რკინის გული და გულისცემაც, სხვა ჰანგს გაჰყვა, სულ სხვა მხარეში...
* * *
ცრუ იმედების, ცრუ ოცნების, ცრუ სამეფოში ობლის კვერივით გვიან ცხვება სულის საკვები...
უზენაესის გვერდით უდგას ვისაც სამშობლო, ითმენს და იბძვის, და ორივ გზით საშველს მოელის...
რაა ოცნება, თუკი ფრთებიც ვერ გაუშლია?.. - ცრუ ოცნებების რიტორიკა ქირქილით ისმის.
რაა იმედი, თუკი მეფის ტახტზე არ სძინავს?.. - ცრუ იმედებში იზმორება მაცდურის ხიბლი.
ჟამი კი ჟამობს და ჟამთასვლას მიჰყვება მძევლად, ამყოლ-ჩამყოლის ამალა და ეჟვნის ჟღარუნი...
გამოღმით ჩვენ ვართ, ნაცრად ქცეულ იმედს სულს ვბერაბთ და ნაკვერჩხლისგან აალებას კვლავაც მოველით...
"იმათ" ოცნებას არც კი ჰქვია იქნებ ოცნება _ შიშველი მეფის ტახტრევანი თუ დგას ჭაობში და დატყვევებულს, მეფის ქოშში, "სუნთქვა" თუ უჭირს...
იქნებ ოცნებას სულ სხვავარი ჰქონდა ოცნება...
იქნებ "მათ" იმედს სულ სხვა რამე ეიმედება...
გვირაბის ბოლოს სინათლე ბჟუტავს, ჩამოჰგავს იმედს...
იქნებ "მათ" იმედს ეს იმედი ეიმედება(?)
იქნებ ოცნებას, მეფის ტახტზე ჯაჭვებით დაბმულს, სივრცე პატარა, მაგრამ სუფთა ეოცნებება(?)
ჟამი კი ჟამობს, ჟამიანობს, არ ვსდევთ ჟამთა სვლას და არც ეჟვანი გვიჟღრიალებს დაღლილ გულ-მკერდზე...
თუ სამოწყალოდ შარაგზაზე გვიდგას იმედი, თუ ჩვენს ოცნებას სივრცე ისევ ევიწროვება, მაშინ ბრძოლისთვის შერჩენილი მდოგვის მარცვალი უნდა ვთესოთ და უნდა ვამრავლოთ...
უზენაესის გვერდით უდგას ვისაც სამშობლო, ითმენს და იბძვის, და ორივ გზით საშველს მოელის!
ჟამი კი ჟამობს, ჟამიანობს და ეძებს პასუხს - ჟამი რისი დგას, ქვების სროლის, თუ შეგროვების?!.
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი