უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, მაგრამ „არ სურს, არ ნიშნავს იმას, რომ ის ამას არ გააკეთებს“ ზეწოლის ქვეშ. პრეზიდენტის თქმით, პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ამჟამად უკრაინა ხელს უშლის მის სრულმასშტაბიან გლობალურ კონფლიქტში გადაიზრდოს. „პუტინმა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ის უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ ВВС-თან ინტერვიუში.
„მე მიმაჩნია, რომ პუტინმა უკვე დაიწყო ეს. კითხვა ისაა, თუ რამდენი ტერიტორიის დაკავებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ. რუსეთს სურს, მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამჟამად ეფექტურად აკავებს ამ ომს, რაც ხელს უშლის მის სრულმასშტაბიან გლობალურ კონფლიქტში გადაზრდას.
„პუტინის შეჩერება დღეს და უკრაინის ოკუპაციის თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა, რადგან პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება“, - დასძინა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება, თუმცა „არ სურს არ ნიშნავს, იმას, რომ ის ამას არ გააკეთებს“ ზეწოლის ქვეშ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინა ხელს უშლის ომი სრულმასშტაბიან გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ზელენსკიმ ასევე უარყო დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები. მან განმარტა, რომ დონეცკის რეგიონის დარჩენილი ტერიტორიებიდან გასვლა უკრაინულ საზოგადოებაში გახლეჩვას გამოიწვევს და ასობით ათასი ადამიანის მიტოვებას.
„მე ამას როგორც უბრალოდ მიწას არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ – ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „განა ეს კარგი ფასი არ არის, თუ ეს პრეზიდენტ პუტინს დააკმაყოფილებს? ფიქრობთ, რომ ეს მას დააკმაყოფილებს?“, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი აზრით, პუტინს ეს გარკვეული პერიოდით დააკმაყოფილებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს.
„ეს ალბათ მას გარკვეული ხნით დააკმაყოფილებს. მას პაუზა სჭირდება. მაგრამ როგორც კი გამოჯანმრთელდება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამას შეიძლება, სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს. ჩემი აზრით, მას შეუძლია, გამოჯანმრთელება არაუმეტეს რამდენიმე წლისა. სად წავა ის შემდეგ? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ მას ომის გაგრძელება სურს, ფაქტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს ელის, რომელიც კონგრესის დონეზე უნდა იყოს გამყარებული და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტული პრეზიდენტის პირად პოზიციაზე.