ირინა სარიშვილი წიგნის დაწერს აპირებს, - ამის შესახენ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ნეტა რას გრძნობს და რაზე ფიქრობს ადამიანი სიკვდილის წინ? დაახლოებით თითქოს ვიცი. მახსოვს რას ვფიქრობდი ავტომატების კაკანში მანქანაში ჩაწოლილი, მახსოვს როგორ ვხედავდი შენელებული კადრივით მანქანაში წრეზე მობზრიალე ტყვიებს და ბუზებით სავსე ნაქირავები სახლი გამახსენდა, სადაც მე და გია თავიდან ვცხოვრობდით.
მახსოვს ტყვიები რომ მხვდებოდა, ვფიქრობდი - ფილმებში რომ აჩვენებენ დაჭრილი რომ ყველაფერს გრძნობს და ხედავს და ტყუილი რომ მეგონა, თურმე მართალი ყოფილა-მეთქი. მახსოვს ხმა, რომელიც ჩამესმოდა მთელი სროლის განმავლობაში - შენ არ მოკვდები და ისევ ფიქრს ვაგრძელებდი. მახსოვს ეს ყველაფერი სრულიად ცხადად, ოღონდ ეხლაც მგონია რომ ეს დიდხანს გრძელდებოდა, და მერე როგორც აღმოჩნდა მხოლოდ 8 წუთი. მაგრამ ეს არ არის ალბათ ის რასაც სიკვდილის წინ ფიქრობ, რომელიც მართლა გელოდება. ჩახედო სიკვდილს თვალებში რაღაც სამყაროს გიხსნის, მაგრამ არა ბოლომდე“, - წერს სარიშვილი და აღნიშნავს, რომ ასე დაიწყება მისი წიგნი, რომელსაც დაწერს ან მოყვება, სულ მალე.
"ამ წუთას გადავწყვიტე ეს და ეს შესავალიც თავისით ამომიკაკუნდა თავში. ყველაფერს მოვყვები, რაც მახსოვს და ისე როგორც შემიძლია, ჩემებურად. არ ვიცი მაინცა და მაინც ახლა რატომ გადავწყვიტე ასე კონკრეტულად ამის გაკეთება - ალბათ არის ამის მიზეზი, რასაც ეხლა ვერ ვხვდები. უბრალოდ, ისე როგორც ყოველთვის, მივყვები იმას, რასაც საკუთარი თავი მკარნახობს - ასე ვცხოვრობდი სულ“, - წერს სარიშვილი.