ქობულეთის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა განახლდა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ქალაქში გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, სანაპირო ზოლში მოეწყო ბულვარი მოპირკეთებული სასეირნო ზოლითა და ველობილიკებით, გაშენდა მწვანე ზოლი.
სანაპირო ზოლში, სასტუმრო „კოლხეთიდან“ ფიჭვნარის მიმართულებით 2 კილომეტრამდე მონაკვეთზე მოეწყო ახალი ჯებირი, გარეგანათებები და მოწესრიგდა სავალი ნაწილი. ქალაქში მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი ინვესტიცია, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა. მათ შორისაა სასტუმრო „კრისტალი“, "ალიან ჯგუფის" პროექტი, ჩეხური ინვესტიცია ელ&ერ-ი და სხვა. აქტიურად მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი ადმინისტრაციული ცენტრების მოწყობა.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები დაიგეგმა და განხორციელდა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ზოგადად ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ტურისტული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტის განვითარების და ეკონომიკური წინსვლის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის ფიჭვნარში უკვე დასრულებულია 1.9 კმ-იანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტის სახით დაიწყო ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობა. 450 მეტრი წელს იქნა დასრულებული ტურისტულ სეზონამდე. პროექტი გაგრძელდება და დასრულებული იქნება 850 მეტრიანი მონაკვეთი“, აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე.
„ქობულეთმა საზღვაო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სანაპირო ზოლზე განაახლა ინფრასტრუქტურა, რომელიც გულისხმობს ბილიკების მოწესრიგებას, სპეციალური სპორტული პლატფორმების გაკეთებას, ასევე გადასახედების მოწყობას. ქობულეთი ტურისტულად გამორჩეული კურორტია, რადგან ზღვაზე დასვენების პარალელურად აქ ტურისტებს ეროვნულ ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში შეუძლიათ მოგზაურობა. ქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ულამაზესი პეტრას ციხე, კინტრიშის, მტირალასა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომლებიც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევიან როგორც ტურისტული ლაშქრობებისთვის, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც მონაწილეობას ათეულობით მეცნიერი და ასობით ტურისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობს“, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.