რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე რომელიც აფზახეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს გადაადგილების თავისუფლებისა და სხვა ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია: სასოფლო თემები ერთმანეთისგან მართულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზის გადაკვეთისას, განაცხადა Amnesty International-მა დღეს გამოცემულ ახალ ანგარიშში.
მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის" გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე. რუსეთის მცდელობებმა, რომ ადმინისტრაციული ხაზი გადაააქციონ „საერთაშორისო საზღვრად" მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეუნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესებსა და საგვარეულო სასაფლაოებს.
რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფზახეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთანმცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონო დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო- სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს" - განაცხადა მარი სტრუზერსმა, Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
"რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ძალამ, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს", - დასძინა მან.
სოფელ ხურვალეთში მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა Amnesty International-ს მოუყვა იმ მძიმე არჩევანის შესახებ, რომლის წინაშეც რუსმა სამხედროებმა, რომლებიც სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონს და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის ფიზიკურ ბარიერებს აგებდნენ, 2013 წელს დააყენეს. ვანიშვილს არჩევანის გაკეთება საკუთარ სახლში, სეპარატისტულ ტერიტორიაზე დარჩენასა და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დარჩენილი ცხოვრების დევნილობაში გატარებას შორის მოუხდა. მან დარჩენა გადაწყვიტა და ახლა ოჯახის სხვა წევრებისგან და მეგობრებისგან მავთულხლართებითაა დაშორებული. დაკავების საფრთხის ქვეშ მყოფი, ის და მისი მეუღლე ნათესავებისა და მეზობლების იმედად ცხოვრობენ, რომლებიც პენსიას, სამედიცინო დახმარებასა და სხვა ნივთებს მალულად, ღობიდან აწვდიან. მადლიერების ნიშნად, დავით ვანიშვილი მათი გარდაცვლილი ნათესავების საფლავებს უვლის, რომელიც მისი სახლის მსგავსად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა აღმოჩნდა.
"რუსი ოფიცრები სახლში მოვიდნენ და მითხრეს, რომ დღეიდან ეს საქართველო აღარაა. იმ დღესვე ჩემს ეზოში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. დანარჩენ სოფელსა და ქვეყანას მოვწყდი." - უთხრა მან Amnesty International-ს. ბორდერიზაციამ უარყოფითი გავლენა იქონია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.
2018 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს ფიზიკური ბარიერები 34 სოფელში ჰქონდათ გავლებული, რამაც ადგილობრივებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად მდებარე „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე" წვდომა დააკარგვინა. დაახლოებით 800-დან 1000-მდე ოჯახმა დაკარგა წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.
სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა 71 წლის ამირან გუგუტიშვილმა 2017 წელს, „ბორდერიზაციის“ გამო ხეხილისბაღი დაკარგა და მთლიანად სახელმწიფოს დახმარების ამარად დარჩა: „ყოველწლიურად დაახლოებით 100 ყუთი ვაშლი მომყავდა. მოსავლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ოჯახის არსებობისთვის საკმარისი იყო. 2017 წლის შემდეგ ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს“ - უთხრა მან Amnesty International-ს.
„ბორდერიზაციამ" ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადასასვლელების დახურვაც გამოიწვია. ამან, ადგილობრივებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვაჭრობის შესაძლებლობაც შეუზღუდა, რამაც - თავის მხრივ - მათი ცხოვრების დონე გააუარესა. საკვების გამომუშავებისთვის საჭირო წყაროებზე წვდომის დაკარგვასთან ერთად, ადგილობრივებმა მათთან ახლოს მდებარე და მათთვის ტრადიციულ ბაზრებზე წვდომაც დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს, ადგილობრივების თქმით, სახელმწიფოს დახმარება არასაკმარისია და თავს ისე გრძნობენ, როგორც „დევნილები საკუთარ სახლში."
„ჩვენი სოფელი ჩიხად გადაიქცა, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრება", განუცხადა Amnesty International-ს სოფელ ხურჩის 85 წლის მკვიდრმა. გადასასვლელის ჩაკეტვით სოფელმა სავაჭრო ფუნქცია დაკარგა, რამაც ადგილობრივების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. რესპონდენტის თქმით, ხურჩელების ნაწილმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად თბილისის მიერ კონტროლირებულ სხვა ტერიტორიაზე გადავიდა.
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას, ყოველწლიურად ასობით ადამიანის თვითნებურად დაკავება ხდება. მათ შორის, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში არიან ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები - ქართველებიც და ოსებიც. ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს ვარაუდი დაკავებისას არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.
"რუსეთის ხელისუფლებამ და დე ფაქტო მთავრობებმა უნდა გახსნან დაკეტილი გადასასვლელები და შეამსუბუქონ ადმინისტრაციული ხაზის კვეთის რეჟიმი სამოქალაქო პირებისთვის. გადაადგილების თავისუფლებაზე რაიმე სახის შეზღუდვების ამოქმედება უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი და მხოლოდ რეალური უსაფრთოებისა და სამხედრო საჭიროებებით განპირობებული." -- განაცხადა მარი სტრუზერსმა.
გარდა ამისა, Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოუყოს საკმარისი დამხარება იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომკურ და სოციალურ უფლებებზე უარყოფითად იმოქმედა "ბორდერიზაციამ", მათ შორს მათ ვინც სახნავ-სათესი მიწები დაკარგეს.