ანიტა რაჭველიშვილი დღეს იუბილარია. ქართველი მეცო-სოპრანო დღეს 35 წლის გახდა. ანიტა რაჭველიშვილი დაიბადა თბილისში, მამამისის — გურამ რაჭველიშვილისა და დედამისის — მეგი დუმბაძის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა საფორტეპიანო განხრით მ. მაჭავარიანის სკოლაში, ხოლო შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მანანა ეგაძესთან ვოკალზე. სწავლის პერიოდში მან მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია. 2007 წელს მიენიჭა პაატა ბურჭულაძის პრემია. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იგი საოპერო სტუდიაში ასრულებდა მადალენას პარტიას ოპერიდან რიგოლეტო (ოპერა) ჯუზეპე ვერდი და ოლღას პარტიას ოპერიდან ევგენი ონეგინი პეტრე ჩაიკოვსკი. 2006 წლის შემოდგომაზე იგი მიიღეს ოპერის დასში. 2007 წელს ანიტა რაჭველიშვილი სასწავლებლად მიიწვიეს მილანში ლა სკალას აკადემიაში, სადაც მას მოუსმინა დანიელ ბარენბოიმმა და შესთავაზა მთავარი როლი ახალ დადგმა ჟორჟ ბიზეს კარმენში სეზონის გახსნაზე.
2009 წლის 7 დეკემბერს დიდი წარმატება მოუტანა ანიტა რაჭველიშვილს ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში (ხოსეს პარტია — იოანას კაუფმანი; რეჟისორი — ემა დანტე; დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს დიდ ოპერებში, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და ასევე ხელახლა გამოჩნდა ამ როლში ლა სკალაში. ნიდერლანდში ანიტას დებიუტი შედგა კონცერტგებაუს საკონცერტო დარბაზში, სადაც მან შეასრულა დალილას პარტია ოპერიდან სამსონი და დალილა, ასევე დულსინეას პარტია ჟ. მასნეს ოპერიდან დონ კიხოტიკალიარის ოპერის თეტრში.
2011 წლის შემოდგომაზე მას დებიუტი ჰქონდა ნიუ-იორკის ოპერა Carnegie hall-ში, შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ფ. ჩილეას ოპერაში ადრიანა ლეკურერი(სოლისტები ანჟელა გეოგიუ, იონას კაუფმანი). ასევე მის რეპერტუარში შედის იზაბელას პარტია ჯოაკინო როსინის ოპერა იტალიელი ქალი ალჟირში ლა სკალაში, მთავარი პარტია გლუკის ოპერა ორფეოსი და ევრიდიკე ფესტივალზე პერალადას ციხესიმაგრეში.
2012-2013 სეზონზე მომღერალმა პირველად შეასრულა ამნერისის პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერა აიდა მიჩიგანის ოპერის თეატრში და ლუბაშას პარტია რიმსკი-კორსაკოვისოპერა მეფის საცოლე ბერლინის სახელმწიფო თეატრში (რეჟისორი დიმიტრი ჩერნიაკოვი; დირიჟორი დანიელ ბარიბოიმი).
2013-2014 სეზონზე ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა კონჩაკოვნას პარტია ახალ დადგმა თავადი იგორი ალექსანდრე ბოროდინი მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში, სადაც ეს ოპერა 1917 წლის შემდეგ არ დადგმულა. ასევე დებიუტი შედგა რომის ოპერის სცენაზე სადაც შეასრულა კარმენის პარტია და იგივე პარტია შეასრულა ბავარიის სახელმწიფო ოპერაში. ასევე რაჭველიშვილმა შეასრულა კარმენის პარტია ბერლინის სახელმწიფო ოპერაში და ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში Covent Garden, მოგვიანებით შეასრულა კარმენის და ამნერისის პარტიები Arena di Verona-ს სცენაზე.
2014-2015 სეზონზე ანიტა რაჭველიშვილი დაბრუნდა ლა სკალას სცენაზე შეასრულა კარმენის და ამნერისის პარტია. ამნერისის პარტია ასევე შეასრულა რომის ოპერის თეატრში, ხოლო კარმენი მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. იგი იყო სოლისტი ჯუზეპე ვერდის რეკვიემში ზალცბურგის ფესტივალზე.
2014 წლიდან ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან, მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. არაერთხელ ერთად გამოსულან ნიუ-იორკის, თბილისის, ბერლინის დიდ სცენებზე. ასევე 2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“. გაიმართა ერთობლივი კონცერტები 2015 წლის ოქტომბერში პარიზში, დეკემბერში ნიუ-იორკში Canegie hall-ში, 2016 წელს ლა სკალას თეატრში, ასევე ამავე წლის მაისში კანადის საოპერო თეატრის სცენაზე.
ანიტას ასევე ჰყავს ჯაზ-ბენდი 2014 წლიდან, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. მათ უამრავი გამოსვლა ჰქონდათ ნიუ-იორკსა (კლუბი „Le Poisson Rouge“) და თბილისში („Rooms Garden“,„ევგენი მიქელაძის ცენტრი“ , „ფილარმონია“) სადაც ჯაზს და Crossover music-ს ასრულებდნენ. ასევე იგი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში.