თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ, - ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ის საპროტესტო აქციაზე იმყოფება, რომელიც მეშვიდე დღეა პარლამენტის შენობის წინ იმართება.
ნანკა კალატოზიშვილის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნის გაპროტესტება თავმოყვარეობის საკითხია და მას პარტიულობა არ სჭირდება.
"სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა, გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე ფანატიზმში გადასულ არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, ჯინაზე პოლიტიკას. ბევრად მარტივად არის საქმე, თქვენთვის უფრო ბევრად რთულად. თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, იმათ, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარ სდიეთ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
მეშვიდე დღეა, პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება. თავდაპირველად მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა. ასევე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა და ყველა დაკავებული გათავისუფლდა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.