მიცკევიჩის ქუჩაზე, სილამაზის სალონში დაჭრილი ნინო ჟორჟოლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შესაბამისი ოპერაცია 2 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტყვიამ ღვიძლის კიდე დააზიანა. ჟორჟოლიანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ქუჩის #15-ში მდებარე სილამაზის სალონ "ნ.ჟ."-ში დღეს სალონის მფლობელი, ნინო ჟორჟოლიანი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან განახორციელეს. თავდასხმის მოტივს გამოძიება დაადგენს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.