კოლუმბიაში აშშ-ის მიერ 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული მეამბოხე, ანტონიო გაბანა მოკლეს. კოლუმბიის ოფიციალური პირების განცხადებით, მეამბოხეთა ლიდერი კოლუმბიის მთებში, ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა.
კოლუმბიის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, ოსკარ ნარანიოს განცხადებით, გაბანას სიკვდილი "ტერორისტების გულში მიყენებული დიდი ჭრილობაა".
კოლუმბიელი მემბოხე კოკაინით ვაჭრობის და ტერორიზმის გამო აშშ-ის პოლიციის მიერაც იძებნებოდა. იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძებნილ განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა 50-კაციან სიაშიც იყო შესული. ამასთან, პირს, რომელიც პოლიციას გაბანას დაჭერისათვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდა, აშშ 2,5 მილიონ დოლარს ჰპირდებოდა.
ცნობისათვის: რამდენიმე დღის წინ კოლუმბიის საჰაერო-სამხედრო ძალებმა ტერორისტების ბანაკი დაბომბა. შედეგად დაიღუპა 27 ტერორისტი, მათ შორის ანტონიო გაბანა.