82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საკანონმდებლო ორგანომ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
„საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მნიშვნელოვანი ნიშნულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროჯასტთან მოლაპარაკებების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და იგი დაგვირგვინდა მიმდინარე წლის 29 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა ჰააგაში და მას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა. უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენამდე მოლაპარაკებების პროცესს სრულად, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო.
ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს საშუალება ეძლევა უფრო ეფექტურად განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის ინტეგრირება ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად უფრო გააძლიეროს კოორდინირებული ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ამ მიზნით გააგზავნოს ჰააგაში ჩვენი მხრიდან მეკავშირე პროკურორი,“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.