თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა.
პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში გვიან ღამით შეიჭრნენ. თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ საძინებელში ესროლეს. სამართალდამცველების მტკიცებით, თემირლანს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი და მას იმ მომენტში ესროლეს, როდესაც ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. თემირლანის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ თემირლანს ტერიროსტებთან კავშირი ჰქონდა.
სუსის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.