საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე საკითხზე პოლიტიკური მანიპულაციები ავნებს ორივე ქვეყანას, კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის დიპლომატიის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის სახელმწიფოს რესპუბლიკის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, კავკასიის რეგიონმა გადადგა ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, დააღწია თავი ძველ იმპერია და აირჩია ევროპული და დემოკრატიული გზა.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განვითარების გზა, რადგან კავკასია არის და იქნება სტაბილური რეგიონი. შესაძლოა, ეს ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და მიმდინარეობს ზოგიერთი საკითხით მანიპულირება და ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21 -ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით. ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას. ამაზე ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მისაღები, სწორედ ისაა მოლაპარაკებების ხიბლი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი.