"ხედავთ რა დონეზე მივედით? სანამდე მიგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ", რომ უკვე ბოკერიები ამხელენ "ქართულ ოცნებას" გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ, - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.
"ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, 2020 წლისთვის აი, ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ, "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და "ნაციონალური მოძრაობის "ეს ორივე მოღალატე ჯგუფიც. დღეს ვინ ლაპარაკობს დავით გარეჯზე, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და იმ განცხადებებს ეყრდნობიან დღეს აზერბაიჯანელები - ნახევარი გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო. და ის ხალხი ლაპარაკობს დღეს რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯთან მიმართებაში, ქართული მიწების 22 პროცენტი მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე რაც ხდება. ამ პარლამენტში და პარლამენტს მიღმაც", - განაცხადა ინაშვილმა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი სადემარკაციო კომისის პარლამენტში დაბარებასა და საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
"ლაპარაკი რომ მიდის 70 პროცენტი საზღვრის შეათანხმეს, საჯარო რატომ არ არის ინფორმაცია, რა შეთანხმდა, რა პირობით შეთანხმდა, რომელიც რუკებით შეთანხმდა. ეს ინფორმაცია რატოა ხალხისთვის დახურული", - თქვა ინაშვილმა.
უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ, - მიმართა ხელისუფლებასა და უმრავლესობას ირმა ინაშვილმა.
"უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. აღარავინ არავის რომ პატივს აღარ სცემს. საერთოდ დაკარგულია ყველანაირი ზნეობა, მორალი. რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ. რა პარლამენტი ვართ, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია აქ რომ ვზივარ. ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ", -მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.