ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ აბსურდულს უწოდებს.
ე.წ. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს „შემადგენლობაში ყოფნის დროს ინტელიგენცია, რომელიც აფხაზური ენის შენარჩუნებისა და აფხაზი ხალხის უფლებებისთვის იბრძოდა, იდევნებოდა”.
"აფხაზური ენა საქართველოს შემადგენლობაში სწორედ აფხაზეთის ყოფნის დროს იყო გაქრობის პირას, აფხაზი ინტელიგენცია კი, რომელიც ენის შენარჩუნებისა და აფხაზი ხალხის უფლებების გაფართოებისთვის იბრძოდა, იდევნებოდა. თუმცა ამის შესახებ საქართველოში საუბარს თავს არიდებენ. მათთვის უფრო მომგებიანია აფხაზეთის რუსიფიკაციის შესახებ აბსურდული თეზისების ტირაჟირება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზური ენა გაქრობის პირასაა და ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი აფხაზი ხალხის, კულტურისა და ენის მიმართ რუსიფიკატორულ პოლიტიკას ატარებს.