ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი ამზადებს დასკვნას აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა დღეს სოხუმში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა და ევროსაბჭოს დელეგაციას შორის.
ევროსაბჭოს წარმომადგენელთა დელეგაციას სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელი ალიონა პეცუნი და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარიატის წევრი მარსელ ჩაპი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი ამზადებს დასკვნას რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება. ასევე ისაუბრეს საკუთრების უფლებასა და დევნილთა საკითხებზე.
ე. წ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნული დელეგაცია აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას შეხვდა. კერძოდ, დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელი ალიონა პეცუნმა მაქსიმ ღვინჯიას მოუთხრო თავისი უწყების მიერ გაწეულ მუშაობაზე აღნიშნული ანგარიშის მომზადების საკითხში.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, პეტსუნს ასევე აინტერესებდა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის აზრი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შესახებ, რომლებიც გალში იმართება. ღვინჯიამ განაცხადა, რომ "მიუხედავად ხელშესახები შედეგისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოედანი, სადაც მხარეებს აზრთა გაცვლის საშუალება აქვთ".