განსხვავებული აზრის მიუღებლობა შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ მუდმივად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი გამტკიცებისთვის დღევანდელ გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ ერთი რთული გამოწვევა. ბევრად უფრო რთული ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ოკუპაციის დაძლევას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.