საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს საკითხზე - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის საბჭოსგან როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსა და რუსეთის ფედერაციისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.
„დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ეს გულისხმობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ხაზგასმულია, რომ ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ სამწუხაროდ, ხშირად გვესმის აგრესიული ძალების პროპაგანდა, რომ ეს არ არის კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის. დიახ, რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში ხაზგასმულია ის უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარდაჭერის ტექსტი. აუცილებელია, რომ დროულად დავიწყოთ ამ სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაცია რეალურ ცხოვრებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ელემენტარული პირობები შევუქმნათ და როგორმე შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით, იმ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებმაც ამ სასტიკ დანაშაულში მიიღეს მონაწილეობა. ამას არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.