აუცილებელია საპატრულო პოლიციის შემადგენლობის ზრდაზე დაფიქრება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. გიორგი გახარიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა დაახლოებით მილიონიდან 9 მილიონამდე და კიდევ ბევრი რამ, თქვენს მიერ მიღებული კანონმდებლობის შედეგად პატრულ-ოფიცრებს დაეკისრათ უფლებამოსილებები, ვალდებულებები, რომლის აღსრულების პირობებშიც მათი რაოდენობა არ გაზრდილა. დღეს საპატრულო პოლიციაში ძალზედ მწვავედ დგას ადამიანური რესურსების საკმარისობის საკითხი და ჩვენ უახლოეს პერიოდში დასაბუთებულად მოგმართავთ თქვენ იმ თხოვნით, და, რა თქმა უნდა, მთავრობასაც, რომ აუცილებელია საპატრულო პოლიციის შემადგენლობის ზრდაზე დაფიქრება“, - განაცხადა გახარიამ.