აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე ოთხი დღეა, ამ ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ. როგორც "რუსთავი 2" ადგილიდან იტყობინება, მესაზღვრეები აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიან.
„მეოთხე დღეა, უკვე მკაცრად ჩაკეტილია მონასტერი. დილით მოდიან, საღამომდე მუშაობენ, ბილიკს აკეთებენ. ზემოთ ბაზა აქვთ, იქიდან, რომ აქ მოსასვლელი გადაიოლონ. ჩიჩხიკურზე მას შემდეგ რაც ბილიკი გააკეთეს, უკვე დავკარგეთ და აქაც იგივე, არავინ იცის, ღმერთმა ქნას, დროებითი მოვლენა იყოს, მაგრამ თუ როგორც იქ განვითარდა აქაც, დავკარგავთ,“ - აცხადებს გიდი ზვიად ანანიაშვილი.
გიდების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს პირველად აკეთებენ. მათი ვარაუდით, უნდათ, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილად გამოაცხადონ.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა მას შემდეგ ჩაკეტა, რაც იქ შაბათს სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.