საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელისა და რატი დარბაიძის _ გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას შუამდგომლობით მიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამივე არასრულწლოვანმა ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი.
"სამინისტრო აცნობიერებს განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და შემდგომი რეინტეგრაციის პროცესში და მიიჩნევს, რომ ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით და უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობით, მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება და ისინი საზოგადოებას დაუბრუნდებიან სრულყოფილ წევრებად", - განაცხადა სეფერთელაძემ.