ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობაში შექმნილი რთული ვითარების მოსაგვარებლად საკითხები იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრობლემაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში მისი პარტიის წარმომადგენლები იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში იმყოფებიან, სადაც გვალვისგან დაზარალებული სოფლის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, ხელისუფლებას კი მათდამი ყურადღებას არ იჩენს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც ადასტურებს და აცხადებს, რომ ზაფხულის განმავლობაში თავადაც იმყოფებოდა საქართველოს რეგიონებში და ნახა, გვალვა როგორ ანადგურებდა მოსავალს.
მისი თქმით, უმართებულოა ის ბრალდება თითქოს ხელისუფლება ამ პრობლემაზე არ ფიქრობს.
მაჭავარიანის განცხადებით, პირადად მას და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჰქონდათ შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მისი ინფორმაციით ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სოფლის მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბიუჯეტში აუცილებლად აისახება გარკვეული საკითხები.