"დემოკრატიული მოძრაოა ერთიანი საქართველოს" წევრი ლუკა კურტანიძე ბერძნულ-რომაულ, ძიუდოსა და თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული გუნდის წარუმატებლობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება კურტანიძემ პარტიის დღეს ოფისში გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან სპორტსა და სპორტსმენებზე ტოტალური კონტროლი გამოიხატება პრაქტიკულად ყველა დონეზე, ეს იქნება სპორტული მომზადება, სპორტული ბაზები, ხელმძღვანელობა თუ სხვა.
"ჩემთვის როგორც ქართველისთვის და სპორტსმენისთვის ძნელია იმის თქმა, რომ ქართულმა ნაკრებმა სავალალო შედეგი მოიპოვა. სპორტულ ბაზაზე, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და ყველა პარამეტრით საუკეთესოა სპორტსმენთა სრულყოფილი მომზადებისთვის, ხელისუფლებამ უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული სპორტული კომპლექსი მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ფიგურის, ლერი ხაბელოვის საკუთრებაა. არაერთი სპორტსმენი, რომელმაც მომზადება აღნიშნულ ბაზაზე გაიარა, შემდგომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. უნდა ითქვას რომ ქართული სპორტი ხელისუფლების ავანტიურისტულ პოლიტიკას ეწირება", _ განაცხადა ლუკა კურტანიძემ.