ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მკვლელობას ამზადებს - აცხადებს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოფირზე ადამიანი, რომელიც თავის თავს რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელს უწოდებს. ეს ადამიანი ღიად აცხადებს, რომ პუტინს ლუკაშენკოს მკვლელობა სურს. მისივე თქმით, ყოველივეს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, ვინაიდან მას ხელთ უტყუარი ფაქტები აქვს.
მისი თქმით, მისთვის ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხნოლოგია"-ში მიმდინარე წლის ივლისში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენლებიც შედიან.
სწორედ, იქ მუშავდება ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ფიზიკური განადგურების ვარიანტები. ძირითად ვარიანტად, მისივე თქმით, ამ დრომდე მასშტაბური ტერაქტი რჩება, რომელიც ერთ-ერთი მასობრივი ღონისძიების დროს უნდა მოხდეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ძალიან სერიოზულად მიიღო ბელორუსის მთავრობამ.
ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ბელორუსის ყოფილი შს მინისტრი ნაუმოვი, სხვა და სხვა ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს. იგი გადადგომის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და "როსტეხნოლოგიის" ხელმძღვანელია ჩემეზოვის მრჩეველია. ჩემეზოვი კი თავის მხრივ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია.
რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლის ტექსტი:
"მე რუსეთის ერთ ერთი სპეცსამსახურის ყოფილი წარმომადგენელი საზოგადოების გასაგონად ვაცხადებ შემდეგს: რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკვლა სურს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინაიდან ხელთ მაქვს უტყუარი ფაქტები მაქვს. გასაგები მიზეზების გამო ჩემს ვინაობას ვერ დავასახელებ. ვიყავი და ვრჩები რუსეთის პატრიოტი.
პირადად მე როგორც ადამიანს არ მომწონს ლუკაშენკო - არც როგორც ადამიანი და არც როგორც პოლიტიკოსი. მე არც ის მომწონს, რომ მას თავისი ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩემი ქვეყნის ხარჯზე სურს. ბელორუსში მალე საპრეზიდენტო არჩევნებია. ლუკაშენკოს მოსაცილებლად ჩვენ მთელი რიგი ნორმალური საშუალება და მეთოდი გაგვაჩნია. ჩვენი მედია ლუკაშენკოსგან ვისაც გნებავთ მას გამოძერწავს - გიჟს ან ავადმყოფს. ჩვენ შეგვიძლია მისი დაჩოქება ეკონომიკურად - გაზისა და ნავთობის მიწოდების გზიდან. ჩვენ შეგვიძლია, ბოლოს და ბოლოს მოველაპარაკოთ ევროპას, აშშ-ს და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ლუკაშენკო დაემხოს.
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მეთოდები მისი ფიზიკური განადგურებისა, რომელთა გამოყენებასაც ჩემი ქვეყნის მთავრობა გეგმავს.
დაზუსტებით ვიცი, რომ ამ მიზნის რეალიზაციისათვის, მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფო კორპორაცია "როსტექნოლოგია"-ში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენლები და ფედერალური უსაფრთხოების წარმომადგენლები, საგარეო დაზვერვის წარმომადგენლები და სხვანი შედიან. ეს ჯგუფი უშუალოდ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით შეიქმნა.
ყველამ იცის, რომ "როსტექნოლოგია" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ფაქტობრივი ფილიალია, მისი ხელმძღვანელი ჩემეზოვი კი პუტინის ახლო მეგობარი. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენლები არა მხოლოდ აკეთებენ იქ უზარმაზარ ფულს და იქ ამას შინაურულად "პილიტ პროექტი"-ს ეძახიან, არამედ იქ ბევრი ბინძური საქმეც იგეგმება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ბელორუსის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურების ჯგუფი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ ჯგუფში მხოლოდ პუტინის ერთგული და სანდო ძალოვნები შედიან. უკვე დამუშავებულია ლუკაშენკოს განადგურების რამდენიმე სცენარი: საავტომობილო ან საავიაციო კატასტროფა, მოწამვლა საჩუქრის ან გზავნილის გზით და სნაიპერის ამოქმედება.
მაგრამ ყველაზე მისაღებ და რეალურ სცენარად ლუკაშენკოს მონაწილეობით ხალხმრავალი ღონისძიების დროს მასშტაბური ტერაქტის განხორციელება განიხილება. ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლუკაშენკოს მოუწევს ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ასევე სერიოზულად განიხილება ტერაქტი ბელორუსში არსებული ტრადიციული მოსავლის აღების ზეიმზე. შესაძლებელია ადამიანური დანაკარგიც თუმცა ამას არავინ არაფრად თვლის.
საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ამ სპეციალური ჯგუფშიც არიან პატიოსანი ადამიანები. მე მებრძოლი ოფიცერი ვარ და მრავალ ცხელ წერტილში ვარ ნამყოფი და ვიცი რა არის ტერორიზმი და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. ვოლდოგონსკი, ბესლანი - ამის ნათელი მაგალითებია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ასეთი ბინძური მეთოდები სახელმწიფო მეთაურის ჩამოშორებისა, მაშინაც კი როცა შენ იგი არ მოგწონს. მით უფრო, რომ თუკი ეს დაკავშირებულია ჩვეულებრივი ბელორუსების მკვლელობასთან, რომლებიც სულიერად ჩვენთან ყველაზე ახლოს დგანან.
ასე ვფიქრობ არა მხოლოდ მე არამედ მრავალი ჩემი კოლეგა. სწორედ ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ღიად ვისაუბრო არსებულ გეგმებზე. ცხადია, რომ ვინც ამ გეგმების უკან დგას იტყვიან, რომ ეს პროვოკაციაა, მაგრამ უკვე უახლოეს მომავალში მოვლენათა განვითარება თავის თავზე თავად ისაუბრებს.
ჩემს კოლეგებს სპეცსამსახურებიდან მინდა ვუთხრა, რომ მეც პროფესიონალი ვარ და ჩემი ძებნა ფუჭია", _ აცხადებს უცნობი.