წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს და ვაკის გამგებლის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება გრიგოლ ივანეიშვილს ინვესტორისგან ქრთამის სახით 250 ათასი ლარის აღებას, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას შუამავლობას ედავება.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ. გრიგოლ ივანეიშვილის და თეიმურაზ ჩოჩუას ინტერესების დამცველები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირავნობის შეფარდებას ითხოვს, რომელიც 400 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.
ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში. გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.