მსოფლიო ბანკი 73 წლისაა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა, 1945 წლის 27 დეკემბერს დაარსდა.
თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, 1960 წელს შეიქმნა განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.
ამჟამად მსოფლიო ბანკი თავის მხრივ ორ ორგანიზაციას მოიაზრებს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას. მოგვიანებით მას შეურთდა კიდევ სამი ორგანიზაციაც, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება ევალებათ, ესენია: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო და საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრი. საერთო ჯამში ერთიანდება ხუთივე ორგანიზაცია და ეწოდება მსოფლიო ბანკის ჯგუფი.