დადებითი ძვრების მიუხედავად, 2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“.
ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს.
„2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს“, - წერია ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველმა, გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“. ანგარიში 2018 წლის 11 თვეს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 11 თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე; საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეების 8089 ზარი. სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაცემულია 90 რეკომენდაცია/წინადადება. 2018 წლის მანძილზე მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.