(უმისამართო ბარათი, წერილი ოცდამეშვიდე)
"არავის ვმსახურებდეთ, არცა ვმონებდეთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" - ასეთი იყო აღქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე...
საუკუნეები მიჰქროდნენ დაღლილი ფრთებით - სისხლით, ტკივილითა და გამარჯვების ყიჟინით...
გვქონდა აღმასვლა და დაღმასვლა - იალბუზამდე ასულები, დაღმა, ქვესკნელამდეც დავსულვართ და ქვესკნელიდან ზესკნელამდე მანძილიც ბევრჯერ გაგვიზომავს...
გენის "ჩამოძინებაც" გვინახავს და გენის "გამოღვიძებაც" განგვიცდია...
მაგრამ გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც მუდამ არ გვყოფნიდა "რაღაც", ის "რაღაც", რაც უმთავრესი იყო და არის, ერის თვითგამორკვევისა და თვითშეფასებისათვის.
* * *
როდესაც გარსია ლორკა სიკვდილით დასაჯეს, ჯალათები დათვრნენ და მის ლექსებს მღეროდნენ... მათ არ იცოდნენ ვინ მოკლეს(!)
ქართველი ერი ასეთ, "უნებლიე" შეცდომებს არ უშვებს...
მან "ზუსტად" იცოდა, რომ წიწამურთან ილიას ჰკლავდა!
"ზუსტად" იცოდა, რომ წმინდა ნინოს ლაზარეთში ვაჟა-ფშაველა მათხოვარივით ცარიელი საფულით, უპოვარივით მარტო ხვდებოდა სიკვდილს...
"ზუსტად" იცოდა, რომ აკაკიმ "არაბი ფაშა" "დროებას" მანეთად მხოლოდ იმიტომ მიჰყიდა, რომ დიდი ხნის მშიერი იყო...
ძეგლების დადგმა, მთაწმინდაზე ტაატით ასვენება და წმინდანად შერაცხვა მერე იწყება, მერე და მას შემდეგ, რაც გადაფასებით ვაზუსტებთ სიმართლეს, იმ სიმართლეს, რომელიც აწმყოში ვერ დავინახეთ, ვერ გავიაზრეთ, ვერ შევაფასეთ(!)
თითქოს მათ გარდაცვალებასთან ერთად "ვიბადებით"!
ვიბადებით, როგორც ერი, როგორც რასა, როგორც ინდივიდთა ერთობა...
მანამდე კი, მანამდე კი მხოლოდ მასა ვართ, რომელიც შეგუებულია იმ აზრს, რომ ათასების ნაცვლად ერთმა უნდა იტვირთოს, ერთს უნდა სტკიოდეს, ერთი უნდა იბრძოდეს და ბოლოს სწორედ ის ერთი უნდა გავაკრათ ჯვარს!..
* * *
"ცით დანიშნულების" ცხოვრება კი, ერთი დიდი ისტორიაა, "სამოქალაქო ომის ისტორია", სადაც "ცა ნიშნავს" და "ერი ზრდის" და არა მხოლოდ "ზრდის", უპირისპირდება, ებრძვის, ეომება...
ამიტომაცაა ეს მხატვრული "გაზრდა" რეალურად ასე მტკივნეული, სასტიკი და დაუნდობელი...
წარმოგიდგენიათ ბაირონი ბანკის კანტორაში?
რასაკვირველია, არა...
ილია ჭავჭავაძემ კი, ლამის ცხოვრებისა და ნიჭის ნახევარი ამ საქმეს შეალია. ის მარჯვენა, რომელმაც "კაკო ყაჩაღი" და "აჩრდილი" დაწერა საათობით ფურცლავდა კანტორის წიგნებს...
დაფიქრებულხართ იმაზე, რაოდენ მძიმე იყო "ოთარაანთ ქვრივის" ავტორისათვის იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომლის ოთხმოცდააათმა პროცენტმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა?!..
მაგრამ, როგორც სჩანს "ცით დანიშნულები" დედამიწაზე ვეღაც სცვლიან ბედს და განგებას(!)
ვერ ცვლიან საკუთარს, მაგრამ ერისას და ქვეყნისას _ ცვლიან!..
ამიტომაც უძლებენ ალბათ _ ტალახის გუნდებს, ცილისწამებას, უმადურობას... უძლებდნენ ტყვიით, შიმშილითა და გიჟის ხალათით სიკვდილსაც კი, რადგან საკუთარ ხალხას და ქვეყანას მოჯამაგირეებად "დანიშნა ზეცამ" და ისინც, დაგვიდგნენ მოჯამაგირეებად...
გზა მათი იყო საქართველოზე და საფლავი მათი არის საქართველო!..
* * *
მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, რიგითი ქართველები, რომელთაც ზეცა "გვინიშნავს" "მოჯამაგირეებს"?!.
ვინ ვართ ჩვენ, თუ არა საკუთარი თავის მონები, რომელთათვისაც სამშობლოს "მონობა" უცხოა...
ნებისმიერ დროსა და ეპოქაში ჩვენ მუდამ გვყავდა და დღესაც გვყავს "მჩაგვრელთა" და "ჩაგრულთა" კლასები.
გვყავდა და გვყავს, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება, ჩვენ არ შეგვიძლია თანამედროვეობაში, გვერდით ვიგულოთ "მოჯამაგირეები", მაშინაც კი, თუ ისინი ათასების ნაცვლად მზად არიან თავგანწირვისთვის...
არ შეგვიძლია, რადგან სათითაოდ და ყველას ერთად გვაწუხებდა და გვაწუხებს დაწინაურებისა და პირველობის სურვილი... თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ამ "პირველობის" მოსაპოვებლად მოვედით...
ყველა ვერ "გაიმარჯვებს", ყველა ვერ დაწინაურდება და ამიტომაცაა, რომ ის "პირველი, პირველთა შორის" მუდამ სჩაგრავს ბოლოდან "პირველს"!
ყველა ბრძოლა ერის კი არა, საკუთარი თავის გადარჩენისაკენაა მიმართული და ვერ გაგვიაზრებია, რომ თუკი მცნება "ჩვენს" მხოლოდ ნაცვალსახელის "ფუნქციას" დავუტოვებთ, მაშინ "მე" ნაცვალსახელადაც აღარ შეგვრჩება!
* * *
საუკუნეები კი, მიჰქროდნენ დაღლილი ფრთებით...
ამ "ფრთებს" მარცხიც ბევრი ახსოვთ და აღმაფრენაც...
ახსოვს ისიც, რომ წიწიამურთან გასროლილი ტყვია გახდა ილიას, ღმერთ-კაცად შეცნობის დასაბამი...
რომ "ხევისბერი გოჩაც" მაშინღა შეიბრალეს, როცა საგიჟეთიდან ალექსანდრე ყაზბეგის "დაჭკვიანებული" ცხედარი გამოასვენეს...
ახსოვს ვაჟას ობლები და მათი ცრემლი... ამ "ფრთებმა" იციან, როგორია ქალამნის ნატვრა, როცა მამის დაკრძალვაზე ვერ მიდიხარ ფეხებშიშველი...
ამ "ფრთებს" ბევრი ახსოვთ, ძალიან ბევრი - წარსულიდან დამძიმებულებს, აწმყოში უფრო უჭირთ "გაშლა" და მომავალიც არავინ უწყის...
ჩვენ გვყავდნენ "მოჯამაგირე" მწერლები, მაგრამ დღეს ეს "მოჯამაგირეობა" აღარავის სურს _ აღარც ერს, აღარც ბერს, აღარც მწერალს...
სამშობლოს მონობაზე ბევრად იოლია საკუთარი თავის მონობა...
უნივერსიტეტი კანტორაზე გაიცვალა და აღარც პოეტები "იბადებიან გაშლილი ვაშლის ყვავილებიდან"...
დღეს "ერი" ფიქრობს, რომ - სახარების მინდვრის ზამბახები, რომლებიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ _ მონაჭორი ამბავია...
* * *
"არავის ვმსახურებდეთ, არცა ვმონებდეთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" - ასეთი იყო აღქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე...
საუკუნეები ჯერ კიდევ მიჰქროდნენ დაღლილი ფრთებით, მაგრამ როდემდე ეყოფათ ძალა, ანდა "საგზალი"?!..
...არადა, ზღაპრული ფასკუნჯი ისე არ აგვაფრენს მაღლა, ჩვენი სხეულის ერთი ნაჭერი თუ არ ჩავუდეთ პირში...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი