ლაშა გოგია გაეცნო აღნიშნული განჩინების დასაბუთებულ ნაწილს, შესაბამისად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სააპელაციო წესით, - აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას დღესვე გაასაჩივრებს.
"ჩვენი გადაწყვეტილება ექვემდებარება იმას, რომ განჩინებაში დასაბუთებული არ არის საფრთხეების არსებობა, დასაბუთებული არ არის, თუ რატომაა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და არა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უნდა გასაჩივრდეს.
ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ მის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული და დაკავებიდან უნდა გათავისუფლდეს. აგრეთვე, ვითხოვთ, რომ მხარეთა მონაწილეობითა და ზეპირი მოსმენით ჩაინიშნოს საქმის განხილვა. აგრეთვე, ალტერნატივის სახით სასამართლოს ვთავაზობთ, რომ (სასამართლო) თუ საჭიროდ ჩათვლის გარკვეული სახის ღონისძიება იქნას გამოყენებული პირის მიმართ, ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე თანხმაა, რომ გირაო გადაიხადოს", - განაცხადა მერაბ მამულაძემ.