საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხვალ, 19 ოქტომბერს, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა ადვოკატების ინფორმაციით, 2015 წლის 8 ნოემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში მოხდა.
როგორც გიორგი მდინარაძე აცხადებს, მას მუშაობის პროცესში ფიზიკური შეურაცხყოფა ჯგუფურად მიაყენეს.
პირველმა ინსტანციამ პოლიციის განყოფილების იმჟამინდელი უფროსი ლაშა კვირკვია მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო დამნაშავედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო არ გაიზიარებს წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას და ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.