წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს.