მეორდება სააკაშვილის დროინდელი მეთოდიკა, - ამის შესახებ "სვეტის" ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კომპანიის მიერ დაზარალებული მენაშენეების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ითხოვენ, რომ "სვეტმა" ქონება დათმოს, რათა ობიექტები სხვა ინვესტორმა გადაიბაროს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პოზიცია სამართალდამცველების მხრიდანაც დაფიქსირდება, ის ფაქტს სხვა მიმდინარეობას მისცემს.
"სამწუხარო მოვლენაა, რომ მეორდება სააკაშვილის დროინდელი მეთოდიკა, დაპატიმრების ხარჯზე ქონების ჩამორთმევა. ეს სხვა არაფერია. როდესაც აპატიმრებენ და ეუბნებიან, რომ ქონება უნდა დათმო, ეს ძალადობაა. ამას არანაირი საერთო მართლმსაჯულებასთან არ აქვს. თუ ეს ფაქტი, რაც მე ყურმოკვრით მაქვს გაგონილი დადასტურდება, პროცესებზე ასე შეგვიძლია შევაფასოთ.
მე დაზარალებულებისგან გამიგია პოზიცია, რომ "სვეტმა" უნდა დათმოს ქონება და სხვამ დაუკმაყოფილოს მათ მოთხოვნები. ეს არ გახლავთ ოფიციალური ვერსია. თუ ამავეს მოვისმენ საგამოძიებო უწყებისგან, მაშინ გავაკეთებ განცხადებას", - განაცხადა გელბახიანმა.
მისივე თქმით, კომპანიაში პრობლემები გამოიწვია 2017 წლის 20 ნოემბრის მთავრობის დადგენილებამ რომელიც გაკეთდა ერთობლივად ქალაქის მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით.
"შეიცვალა მშენებლობის ტექნიკური პირობები და გამოცხადდა, რომ 2017 წლამდე ვისაც ჰქონდა ხარჯები სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით გაღებული, ხელახლა უნდა გაევლოთ ეს პროცედურა და ახალ ტექნიკურ პირობებს უნდა დათანხმებოდნენ. ეს ცვლილება პროექტის გადაკეთებას ითხოვდა. ეს პროექტის ხარჯებს აათმაგებდა, რამაც მშენებლობა შეაჩერა.
ეს გამოყენებული იყო დაზარალებულების ინტერესებისთვის, თითქოს არ ეღირსება მშენებლობებს დასრულება. მე არ ვიცი, ვის მიერ არიან ესენი წაქეზებული. მე ვუთანაგრძობ ყველას, ვინც ზარალი განიცადა, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს საქმე", - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.