ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის საქმეს ეხება.
მისი თქმით, მან დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით.
"მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს.
ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.
შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს", - ნათქვამია განცხადებაში.