რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილი სავარაუდოდ, ნაცემია.
როგორც ოთინაშვილის დედამ, გალინა ქელეხსაევამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, სწორედ ამის გამო არავის, მათ შორის ნათესავებს არ აძლევენ ცხინვალის იზოლატორში მაიას ნახვის უფლებას და პატიმრობიდან გათავისუფლებასაც იმიტომ აჭიანურებენ, რომ ძალადობის კვალი წაიშალოს.
მისივე ინფორმაციით, მისმა შვილმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა დაკავებისას გაუწია, რის გამოც სცემეს.
ის ასევე ვარაუდობს, რომ მაია ოთინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცხინვალში გადაყვანის შემდეგაც.
გალინა ქელეხსაევა „წითელი ჯვრის“ კომიტეტის წარმომადგენლებს თხოვს, მისი ქალიშვილის ნახვა მოახერხონ.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა მაია ქარდავამ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ დაკავებულის ოჯახისგან მიღებული ინფორმაცია აცნობეს კოლეგებს ცხინვალში, თუმცა, იზოლატორში ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა.
ცნობისთვის, ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს.
საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყველა ბერკეტია ამოქმედებული უკანონო პატიმრობიდან მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად.