ბარნოვზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მამინაცვლის, ვეფხია ბაქრაძის სასამართლო პროცესზე დღეს, 3 მოწმე გამოიკითხა.
როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა 3 მოწმე, მათ შორის, ერთი ტაქსის მძღოლი, რომელმაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა სისხლით მოსვრილი და დაზიანებების მქონე ბრალდებული. ასევე, დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც არიან დაზარალებულის თანამშრომლები. მათ დაადასტურეს, რომ დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდა.მას შემდეგ, რაც სამსახურში გამოცხადდა, მას სილურჯეები და და დაზიანებები", - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.
ცნობისთვის, თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.